„ახლა როგორ იქნება, ძალაში არ შესული გადაწყვეტილებით სამართლებრივი შედეგი რომ დააყენეთ? ხომ გაფრთხილებდით?“, – ამ კითხვით გვარამია იუსტიციის სამინისტროს მიმართავს.
18 ივლისს, „რუსთავი 2“–ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევას. ამასთან, მან გააუქმა დროებითი ღონისძიება, რომლითაც 2017 წლის მარტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებული იყო. 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, 18 ივლისსვე, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და ტელეკომპანიის 60%-იანი წილის მფლობელად მისი, ხოლო 40%–იანი წილის მფლობელად მისივე კუთვნილი კომპანიის „პანორამას“ დარეგისტრირება მოითხოვა. ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.