weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მართლმსაჯულების სისტემას მგონი „სტრასბურგის სინდრომი“ გაგვიჩნდა – შალვა თადუმაძე

14:00 სამშაბათი, 23 ივლისი 2019

გენერალურმა პროკურორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

თადუმაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში, მართლმსაჯულების სისტემას გადაწყვეტილებების მიღების დროს გაუჩნდა კომპლექსი – „რას იტყვის სტრასბურგის სასამართლო“.

„მართლმსაჯულების სისტემას რაღაც კომპლექსი გაგვიჩნდა, მემგონი, სტრასბურგის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. შემიძლია ვთქვა – „სტრასბურგის სინდრომი“, „რას იტყვის სტრასბურგის სასამართლო“ – ეს სინდრომი გაგვიჩნდა გადაწყვეტილების მიღების დროს. არადა, სტანდარტი სამართლიანობის, ცოდნის, განათლების, დასაბუთებულობის, ლოგიკის ჯაჭვის ერთნაირი გვაქვს ყველა მოსამართლეს ყველა ქვეყანაში. იქ არის რაღაცები, რის გამოც მან [სტრასბურგის სასამართლომ] გაბედა და შევიდა საეკლესიო სამართალთან მიჯნის გავლებაში და ჩვენთან, შეიძლება იმიტომ, რომ კომპლექსია – 27 წლის ქვეყანა ვართ, ჯერ არ ვართ ეგეთი დემოკრატიული, საზოგადოება რას იტყვის – რაღაც თავშეკავებულობა გვაქვს. მე ვფიქრობ სასამართლო ის ხელისუფლებაა, რომლემაც ეს უნდა შეცვალოს ქვეყანაში და მგონია, რომ ამის რესურსი არსებობს. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. ის დინამიკა, რომელიც აქვს სასამართლოს, პროკურატურას და საგამოძიებო უწყებებსაც, არსებითად შეცვლის სტრასბურგის სასამართლოსთან მიდგომას. რაზეც ვისაუბრეთ ეს ძველი საქმეები იყო და დარწმუნებული ვარ, ასეთი საქმეები იმ მმართველობის პირობებში, რომელსაც მე ვახორციელებდი პროკურატურაში, არ იქნება“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით საინტერესოა ქვეყნების კატეგორიზაცია საქმეების მიხედვით.

„სამწუხაროდ, ჩვენ ისევ იქ ვართ, რომ არ შეიძლება წამება, სასამართლოს გარეშე სასჯელის დაკისრება, უსამართლო სასამართლო, არაადამიანური მოპყრობა და ა.შ. მაშინ, როდესაც ევროპული სასამართლო მაგალითად, პორტალებზე კომენტარების განხილვის გამოხატვის თავისუფლებაზე მსჯელობს ესპანეთთან მიმართებაში. [...] ეს არის პასუხისმგებლობები, რომლებსაც ევროპელი მოსამართლეები იღებენ. ისინი არიან ადამიანები, აქვთ კარგი იურიდიული გამოცდილება და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. მე მინდა, რომ ეგეთი მოსმართლე ვიყო არა, ვთქვათ, დადგენილი წესების ჩარჩოებში ვმოღვაწეობდე, არამედ ვქმნიდე სამართალს... ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ... ჩხრეკის დროს ადამიანს რომ რაღაც არ უნდა ჩაუდო, არ უნდა აწამო, სასამართლოს გარეშე არ უნდა დასაჯო – ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია. ამას არ უნდა სტრასბურგის სასამართლო. ჩვენ, სამწუხაროდ, სტრასბურგი თუ არ გვეტყვის, ისე გვაქვს მოვლენები, როდესაც ამას ჩვენ ჩვენით ვერ ვაკეთებთ“, – განაცხადა თადუმაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]