weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მედიაკოალიცია ქიბარ ხალვაშს მოუწოდებს უზრუნველყოს „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა

17:46 სამშაბათი, 23 ივლისი 2019

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელს, ქიბარ ხალვაშს მოუწოდებს, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოს და აიღოს პასუხისმგებლობა არხის ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე.

მედიაკოალიციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორებისა და კომპანიის დირექტორის ცვლილების მიუხედავად, ამ დრომდე „რუსთავი 2“ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლად რჩება. პარალელურად, ტელეკომპანიის თანამშრომლები საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით შეექმნათ.

ჟურნალისტები შიშობენ, რომ არხზე არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა მათი შრომითი კონტრაქტების შეწყვეტის საფუძველი გახდეს, რამაც საბოლოო ჯამში სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს.

ქიბარ ხალვაშმა საჯაროდ განაცხადა,რომ „რუსთავი 2“-ს „სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული“. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მაუწყებლის ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე ისე, რომ არ დაზარალდეს არხის სარედაქციო პოლიტიკა.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედია მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჟურნალისტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საკუთარი სინდისისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად, მისი პროფესიული საქმიანობა კი დაცულია დირექტორისა და მესაკუთრის ჩარევისგანაც კი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არ მოხდეს ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა. ამასთან, მიმდინარე პროცესების ფონზე აუცილებლად უნდა იქნას დაცული ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებიან „რუსთავი 2“-ში განვითარებულ მოვლენებს, განახორციელებენ სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგს და გამოთქვამენ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში დაიცვან ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.

ასევე, კოალიცია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ხელმომწერები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მედიაკლუბი; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ღია საზოგადოების ფონდი; რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი; ლიბერალური აკადემია თბილისი; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; სატელევიზიო ქსელი; საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]