ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ და განმარტავენ იმ კრიტერიუმებს, რომელთა დარღვევასაც ისინი არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად შეაფასებენ:
„1. ჟურნალისტების, არხის წამყვანების, საინფორმაციო სამსახურის მოქმედი უფროსისა და პროდიუსერების გათავისუფლება, სხვა პოზიციაზე გადაყვანა და მათ ნაცვლად ახალი კადრების მოყვანა არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის კიდევ ერთი მექანიზმი. გამოცდილება აჩვენებს, რომ ქართულ მედიაგარემოში ეს სქემა ხშირად გამოიყენება, არსებული გადაცემების დახურვა ან ფორმატის შეცვლა.
- სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ერთ-ერთი ინსტრუმენტად ჩაითვლება, პირველ პუნქტში ჩამოთვლილი პირების შრომითი კონტრაქტის დარღვევა.
- სტუმრების ცენზურა, სიუჟეტების რიგითობის განსაზღვრა და ნებისმიერი სხვა სახის ჩარევა, რომელიც გავლენას მოახდენს გადაცემის შინაარსსა და აქცენტებზე.
- ფინანსური ხასიათის პრობლემების შექმნა – თუკი არხი ყადაღის უმძიმეს პირობებშიც კი ახერხებდა დაუბრკოლებლად ფუნქციონირებას, არა მხოლოდ ხელფასების გასტუმრებას, არამედ ახალი რეიტინგული მედიაპროდუქტების შექმნას, ყადაღის მოხსნამ მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს შემოსავლების ზრდას და არა პირიქით. ამიტომ, თანამშრომლების წინაშე, კონტრაქტით ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩაითვლება როგორც ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა და ბერკეტი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩასარევად.
- მხოლოდ უცხოელი მედიამენეჯერის ჩამოყვანა ვერ ჩაითვლება სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტიად. როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შეიძლება იქცეს მედია ცენზორად. მსგავსი პრაქტიკა გვინახავს სხვა არხებზე, უცხოელი მედიამენეჯერები ვერ აღმოჩნდნენ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების შემაკავებელი ბერკეტები. გარდა ამისა, ყველას კარგად გვახსოვს 2001 წელს „გაზპრომ მედიას“ ანუ პუტინის მიერ „ენ-ტე-ვეს“ ძალადობრივი ხელში ჩაგდების შემდეგ როგორ დანიშნეს „სარედაქციო დამოუკიდებლობის“ უზრუნველსაყოფად ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ამერიკის მოქალაქე ჯორდანი. ისიც კარგად გვახსოვს, როგორ დამთავრდა ეს ისტორია. ჩვენ ასევე ვხედავთ კრემლის პროპაგანდისტულ არხზე Russia Today-ზე უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც პრორუსულ ნარატივს ავრცელებენ, – აღნიშნულია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების განცხადებაში.
ისინი მიმართავენ ყველა იმ ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციას, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, რომლებიც „ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გარანტად გვევლინებიან“, არ მოადუნონ ყურადღება და დაეხმარონ „რუსთავი 2“-ს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში.