„ჩვენი ჯგუფის რეკომენდაციაა სხვა ქალაქებიდან შემოსულმა მგზავრმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალურად დადგენილ სადგურებზე დაასრულოს მგზავრობა და იქედან გააგრძელოს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თბილისის მერიასთან უნდა იყოს შეთანხმებული მარშრუტი, სად ჩამოსვამს მძღოლი ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან თუ სხვა ქალაქიდან შემოსულ მგზავრს. მგზავრობა უნდა დასრულდეს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში. [...] სატერმინალო სადგურები მეტროსთან იქნება მიბმული, მოეწყობა სერიოზული სამგზავრო ჰაბები. ჩვენ თუ დავტოვეთ ქაოსი ქალაქში, რომელსაც შექმნის საქართველოს ნებისმიერი სხვა ქალაქიდან ჩამოსული ტრანსპორტი, ასე არაფერი გამოვა“, – განაცხადა აბესაძემ.
მისივე თქმით, მგზავრობის საფასური მოსახლეობას არ გაუძვირდება.
„სისტრა სპექტრუმ კონსალტინგი“ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა და თბილისის მერიის დაფინანსებით პროექტს ახორციელებს, რომელიც მოიცავს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეორგანიზაციას, კერძოდ ავტობუსების და მიკროავტობუსების სამარშრუტო სქემის ოპტიმიზაციას. როგორც ასმათ აბესაძემ განაცხადა, კვლევას მიმდინარე წლის ბოლოს დაასრულებენ და თბილისის მერიას წარუდგენენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ახალ სისტემაზე გადასვლა კი 2021 წლის ზაფხულში იგეგმება.