weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დეპუტატის მხრიდან შესაძლო სექსუალურ შევიწროებაზე სახალხო დამცველს მიმართავენ

15:06 ოთხშაბათი, 24 ივლისი 2019
ფოტო © ქალები საქართველოდან / Facebook ფოტო © ქალები საქართველოდან / Facebook

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ სახალხო დამცველს მიმართავს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე გინოსიანმა აღნიშნა, რომ მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ენზელ მკოიანის ანგარიშსწორებაა, იმის გამო, რომ მის შეთავაზებებზე უარი თქვა.

„ეს დიდი ხნის წინ დაწყებულია. პირველი ნაბიჯი იყო ჩემი მეგობრის მეშვეობით, იმიტომ, რომ დიდი კონტაქტი არ გვქონდა. მერე, რომ გაიგო, ჩემი მეგობრის საშუალებით არაფერი გამოვიდოდა, პირდაპირ ტელეფონის ზარები იყო. თავიდანვე იყო შეთავაზებები: მანქანის შეცვლა, ბინის გარემონტება, საფრანგეთში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში წასვლა. ერთხელ თავის კაბინეტში დამიძახა და მითხრა, რატომ არ გინდაო. მომიახლოვდა. კაბინეტიდან გავიქეცი და ვთხოვე, რომ ასეთი რაღაც აღარ გააკეთო-მეთქი. არაფერი რომ არ გამოუვიდა, მერე მუქარები დაიწყო - მთლიანად გავანადგურებო“, – განაცხადა ნარინე გინოსიანმა.

მისივე თქმით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში მას განცხადების დაწერას და სამსახურიდან წასვლას სთხოვდნენ, მოგვიანებით კი, შიდა მოკვლევის დოკუმენტის საფუძველზე, ბაღების გაერთიანებაში ფინანსური პოლიცია შევიდა. გინოსიანი ბუღალტერთან ერთად სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მას 9 ათასი ლარის გაფლანგვასა და მითვისებას ედავება. 19 ივლისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნარინე გინოსიანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 5 000 ლარი შეუფარდა, მის ბუღალტერს კი 3 000 ლარი.

„არ გავჩერდები, თუ ეს ნაბიჯი გადავდგი, ჩავრთე ჩემი ოჯახი, ზეწოლა იყო ჩემს ბავშვზეც. ორჯერ დაიბარეს პოლიციაში. ნინოწმინდის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე ურეკავს და იბარებს დიღომის პოლიციაში - ვითომ ვიღაც დააკავეს და ამას თარგმანი უნდა გაეკეთებინა. თარჯიმანი საერთოდ არ არის. სომხურენოვანი ბავშვია, ქართული თარჯიმნის დონეზე არ იცის. ეს პირდაპირი ზეწოლაა ჩემს ბავშვებზე“, – განაცხადა ნარინე გინოსიანმა.

გიონოსიანის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ დაიცავს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ბაია პატრაიამ განაცხადა, ამ საქმესთან დაკავშირებით არიან მოწმეები და არსებობს მტკიცებულებები, რასაც სახალხო დამცველის აპარატს წარუდგენენ.

„კომუნიკაცია უკვე გვქონდა სახალხო დამცველის ოფისთან. გვინდა დადგინეს სექსუალური შევიწროება, დისკრიმინაცია და დევნა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა ნარინე გინოსიანის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეც არის ამ დევნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. სავარაუდოდ, ნარინე არ არის ერთადერთი მსხვერპლი. ბატონი ენზელი ისედაც შემჩნეულია სხვადასხვა ტიპის ზეწოლის განხორციელებაში საკუთარი თანამშრომლების წინააღმდეგ, თუმცა ყველას არ ჰყოფნის გამბედაობა, ამოიღოს ხმა და მიმართოს სამართალდამცველ ორგანოებს“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს „ქართული ოცნება“ და რეაგირებას მოახდენს პარლამენტიც, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მიიღო კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ.

ენზელ მკოიანი სექსუალური შევიწროების ბრალდებას უარყოფს. დეპუტატმა 21 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ მის წინააღმდეგ „ბინძური ბრალდება“ გინოსიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით გააჟღერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]