აქციის მონაწილეები, რომლებიც უტიაშვილის სახლთან მეგაფონით, საყვირებითა და ტრანსპარანტებით მივიდნენ, ამბობენ, რომ გორიდან არიან. მათივე თქმით, უტიაშვილმა ომის დადებითი მხარე აღნიშნა, რითიც დაღუპულ მეომრებს და ომისგან დაზარალებულებს შეურაცხყოფა მიაყენა.
„მოღალატე, მოიხადე საჯარო ბოდიში ჩვენი გმირებისა და საქართველოს წინაშე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმარხოს ეს ვითომ ოპოზიცია, ეს ქვეყნის მტრები... დააფიქსიროს თავისი აზრი ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ, ეთანხმება თუ არა ის თავისი მეუღლის მოღალატეობრივ პოზიციას“, – ისმოდა აქციაზე.
შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ საპროტესტო აქცია ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული.
გუშინ, 24 ივლისს, შოთა უტიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს „დაჩმორება“ იოლი არ იქნებოდა. დღეს უკვე, ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი. მოსკოვმა მოახერხა, და ქართული ოცნების უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს. უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წრთვნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა. აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიაის პორტი, გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია – „რუსთავი 2“ დაანგრიეს და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დასავლეთს კი, ჯერჯერობით, სძინავს“.