weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სტიქიის შედეგად სვანეთში „მესტიაჭალა ჰესის“ ტერიტორია დაიტბორა

22:48 ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019

რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმის შედეგად, დაბა მესტიაში, ლეხზირის ხეობაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიის შედეგად „მესტიაჭალა ჰესის“ ტერიტორია დაიტბორა.

ჰესის მფლობელი კომპანიის „სვანეთი ჰიდროს“ განცხადებით, პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ, ჩვეულებრივ გააგრძელებს ფუნქციონირებას. კომპანია აცხადებს, რომ ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა.

რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 2“-ს, კომპანიის ცნობით, არც სადგურს და არც მიმდებარე ტერიტორიებს სტიქია არ შეხებია.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დანგრეულია ხიდი და ჰესის შენობასთან ახლოს მდებარე რამდენიმე ნაგებობა. ჰესთან გაჩერებული მანქანები, რომლებითაც ადგილობრივებს ტურისტები ლაშქრობაზე ჰყავდათ, მდინარემ წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ სტიქიის ზონაში ჩარჩენილი 5 ტურისტი მაშველებმა უკვე გამოიყვანეს, დაშავებული ან გარდაცვლილი არავინ არის.

დაზიანებულია წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალის ორი მილიც. ამ დროისთვის დაბა მესტიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სასმელი წყალი არ მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები დაზიანების ადგილზე მისვლას ჯერ ვერ ახერხებენ. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, ზარალის ზუსტი რაოდენობა უცნობია. მესტიაში ისევ გადაუღებლად წვიმს.

სტიქიამ სვანეთში სოფლებიც დააზარალა. როგორც „მთის ამბებს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, ნინო ვიბლიანმა უთხრა, ხაიშის თემში შემავალი სოფელი ვედი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარემ სოფელთან მისასვლელი გზა წაიღო და ელექტროენერგიის საყრდენი ბოძებიც დაგლიჯა. მდინარემ სოფელ ჭოლაშში გადასასვლელ ხიდს სამაგრები გამოაცალა, სოფლისკენ გადაადგილება ამ დროისთვის შეუძლებელია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივლისის დილის საათებამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]