„რა უნდა ქნას კონკრეტული პროფილის სრულიად აპოლიტიკურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, როცა მის ერთ-ერთ ხელმძღვანელს − ველური ცხოველების კვლევისა და დაცვის საქმეში არაერთი ინოვაციის საქართველოში შემომტანს და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სპეციალისტს, საუკეთესო მეგობარს, ორი შვილის მამას, ცხოვრებაში ახლოსაც რომ არ გაუვლია არანაირ კრიმინალთან და, აქამდე და შემდგომაც ერთადერთ დანაშაულს რომელსაც ჩაიდენს იქნება ის, რომ ვერ აიტანა სულში ჩაფურთხება და გააპროტესტა პატრიოტული ღირსების ფეხქვეშ გათელვა − ციხეში უკრავენ თავს?!
შეუძლებელია ბეჟანი ციხეში იყოს და „ნაკრესმა“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი ენერგია და ძალისხმევა მის გასათავისუფლებლად მივმართოთ.
იმედია ჩვენი პარტნიორები და დონორები გაგებით მოეკიდებიან ჩვენს მიერ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში გარკვეულ შეფერხებას.
მივმართავთ ყველა ორგანიზაციას, ვისთანაც „ნაკრესი“ თანამშრომლობს, მათ შორის სამთავრობო უწყებებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ ერთეულებს, კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს, დაგვეხმარონ ბეჟანის გათავისუფლებაში. ასევე მივმართავთ პარლამენტარებს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის წევრებს, მხარი დაგვიჭირონ ამ საქმეში და თავდებად დაუდგნენ ბეჟანს - იქნებ რომელიმემ მაინც გადაწყვიტოს, რომ არც მათ უნდათ ისეთი საქართველო, რომელშიც ბეჟან ლორთქიფანიძე ციხეში იჯდება“, - ნათქვამია სახეობათა კონსერვაციის ცენტრის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარლამენტის შენობის წინ, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით დღეს 5 პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი ბეჟან ლორთქიფანიძეა. სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ლორთქიფანიძე „გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას“.
ბეჟან ლორთქიფანიძის გარდა ამავე საქმეზე დაკავებული არიან პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ სამი პირი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20-21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა, ათობით ადამიანს კი სხეულის დაზიანებები აქვს. პოლიციამ აქციის დასაშლელად დემონსტრანტების წინააღმდეგ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და რეზინის სხვადასხვა სახეობის ტყვიები გამოიყენა. არაერთი სამართალდამცავი აქციის მონაწილეებს ტყვიებს სახეში, თვალებში, თავსა და სასქესო ორგანოებში დამიზნებით ესროდა. აქციის დარბევის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს იმართება საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.