weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

გადავწყვიტე გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია – ნიკა გვარამია

10:37 პარასკევი, 26 ივლისი 2019

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ „ქვეყნის მთავარი ტელევიზიის გაკეთება“ გადაწყვიტა. როგორც ის „ფეისბუქში“ წერს, ეს გადაწყვეტილება პროფესიონალებთან და პოტენციურ ინვესტორებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

„გადავწყვიტე: რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია“, – წერს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, ამ საქმეში თავის გუნდს დაეყრდნობა. გვარამია ამბობს, რომ ახალი ტელევიზიის დასახმარებლად კამპანიას დაიწყებს.

„თავს უფლებას მივცემ და ჩემს თხოვნასაც გავაჟღერებ: სრულიად არ მეპარება ეჭვი, რომ ძალიან მალე ახალი ტელევიზია ქვეყნის მთავარი არხი გახდება და მის შემოსავლებს უკიდურესად ოპტიმისტურად ვუყურებ. თუმცა, თავიდან, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო. ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია, როგორც ყოველთვის. ძალიან მალე დავიწყებთ საჯარო კამპანიას ახალი ტელევიზიის დასახმარებლად. [...] ამ კამპანიას მალე დავიწყებთ იმ იმედით, რომ დაგვეხმარებით, როგორც შეძლებთ. გპირდებით, თქვენს შემოწირულობას ვაქცევთ მნიშვნელოვან ინვესტიციად ჩვენი სამშობლოს წარმატებულ მომავალში, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაში“, – წერს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი 2012 წლიდან იყო. მას შემდეგ, რაც 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანიის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და არხის 100%-იანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში  იქნა აღიარებული, ნიკა გვარამია გენდირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ქიბარ ხალვაშმა მის ადგილზე საკუთარი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]