„3 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თუშეთის სოფელ ომალოში დაგეგმილი იყო ტრადიციული ღონისძიების ჩატარება, მაგრამ გუშინ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო ღონისძიება აღარ ჩატარდება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გუშინ, 27 ივლისს „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც 12 ადამიანი მგზავრობდა, ხევში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, რამაც ავარია გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათგან ერთი ბავშვია. ხუთმა მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო და გადარჩა. ორ ადამიანს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
როგორც დაშავებულები, ისე გარდაცვლილები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანიდან არიან. ისინი სოფელ ბეღელაში მიდიოდნენ, სადაც დღეს ტრადიციული დღეობა უნდა აღენიშნათ.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.