ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-20 კილომეტრზე, გუშინ, 27 ივლისს „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც 12 ადამიანი მგზავრობდა, ხევში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, რამაც ავარია გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი. ხუთმა მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო და გადარჩა.
როგორც დაშავებულები, ისე გარდაცვლილები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანიდან არიან. ისინი სოფელ ბეღელაში მიდიოდნენ, სადაც დღეს ტრადიციული დღეობა უნდა აღენიშნათ.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.