პროკურატურის განცხადებით, მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.
საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ნიკა გვარამიას მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო „რუსთავის 2“-ის ამჟამინდელი დირექტორის, პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.
ნიკა გვარამია პროკურატურაში მის დაბარებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს საქმე აღძრულია „ბუნებაში არარსებულ ფაქტებზე“.
„როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, არათუ რ2-ში არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის სადარაჯოზე დგომა, იქედან წამოსვლა და რ2-ის წარსულში დატოვება, მაგრამ ახალი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთებაც არ შეიძლება. და საერთოდ, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს. მეგობრებო, განსაკუთრებით დასავლელების საყურადღებოდ, საერთოდ რამის გაკეთება რომ შეუძლებელია უკვე ამ ქვეყანაში, რა შეფასება უნდა მიეცეს ამას? და დიქტატურა სხვა რაღაა, თუ არადა ეს?“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.