ბოხუას თქმით, მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, სამინისტრო იწყებს აქტიურ ჩართვას ხარისხის მართვის პროცესში. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებების შესწავლას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით.
„თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ის სპეციფიური პირობები, რაც არის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრხოების საფუძველი.
აღნიშნული მოგვცემს შესაძლებლობას, შეფასდეს სამედიცინო დაწესებულებების მზაობა მათ მიერ მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით, ასევე, დავგეგმოთ და გავატაროთ ქმედითი ღონისძიებები ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის“, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად ბოლო ორ კვირაში სულ 20 ოქმი დაიწერა. კერძოდ, სანებართვო პირობები შემოწმდა 5 დაწესებულებაში და დაიწერა 5 ოქმი; სალიცენზიო პირობები შემოწმდა 2 დაწესებულებაში და დაიწერა 2 ოქმი; ტექნიკური რეგლამენტის პირობები შემოწმდა 4 დაწესებულებაში და დაიწერა 4 ოქმი. გარდა ამისა, დაიწერა 4 ოქმი უკანონო საექიმო საქმიანობაზე, 3 ოქმი დოკუმენტაციის წარმოებაზე და 2 ოქმი - სანებართვო პირობის დარღვევაზე (დოკუმენტაციის წარმოება; დასაქმება).