weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

19 ივლისს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება

21:22 სამშაბათი, 18 ივლისი 2017

19 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობის მონაწილეები ქალების ჩაგვრას გააპროტესტებენ და იმ პირების დასჯას მოითხოვენ, რომლებიც თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ.

აქციის ორგანიზატორების შეფასებით, რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ "ქართველთა მარშზე" გაჟღერებული ფაშისტური და ქსენოფობიური მოწოდებები კონკრეტულ ქალებზე ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მუქარაში გადაიზარდა.

"ბოლო დროს ქვეყანაში ისედაც გახშირებული ფემიციდის ფონზე მოძალადის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება თითოეული ჩვენგანი გახდეს. განსაკუთრებით, მაშინ რაც ჩათვლიან, რომ ქალებმა ხმა არ უნდა ამოიღონ ძალადობაზე. ჩვენ ვერ გაგვაჩუმებს მუქარა და სიძულვილი! ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრასა და ძალადობას! დროა, ომი გამოვუცხადოთ მჩაგვრელს", – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ქალთა სოლიდარობის მარშის მოთხოვნებია: დაისაჯონ მოძალადეები, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალს; პარლამენტმა მიიღოს კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ; ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ღიად გაემიჯნონ ძალადობას და ფაშიზმს. გარდა ამისა, მსვლელობის მონაწილეები მედიას მოუწოდებენ, შეწყვიტოს სიძულვილის ენის და ფაშისტური რიტორიკის ტირაჟირება და არ მიიწვიონ გადაცემებში ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით.

ე.წ. "ქართველთა მარში" აღმაშენებლის გამზირზე 14 ივლისს გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ საქართველოში მყოფი უცხოელების მიერ ქართველებზე ძალადობა და კულტურული ძეგლების შეურაცხყოფა, ასევე უცხოელების მასობრივი ჩასახლება გააპროტესტეს. დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ერთთვიანი ვადა მისცეს უცხოელებისთვის ბინადრობის და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის გასამკაცრებლად.

აქცია საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა, მათ შორის იყო საქართველოს ახალგაზრდობის 2016 წლის წარმომადგენელი გაეროში თათია დოლიძე. მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება ე.წ. "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. გია კორკოტაშვილმა, კონსტანტინე მორგოშიამ, ბექა ვარდოსანიძემ, რამაზ გაგნიძემ, გიორგი ონიანმა და მიხეილ ამისულაშვილმა სოცილურ ქსელში ქალის მიმართ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები გააკეთეს, რომლებიც მოგვიანებით, საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციის შემდეგ წაიშალა. ე.წ. "ქართველთა მარშის" ორგანიზატორება განაცხადეს, რომ სოციალურ ქსელში მათი ანგარიშები გატეხეს და გაკეთებული კომენტარები მათ არ ეკუთვნოდათ.

17 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თათია დოლიძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ე.წ. "ქართველთა მარშის" საწინააღმდეგო აქცია დაანონსა "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ. "23 ივლისს, კვირას, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედანზე ვაანონსებთ აქციას, სადაც მთელი საზოგადოება დავდგებით და მტკიცედ ვიტყვით, რომ არ მივიღებთ ძალადობას, როგორც ქართველობის ვერსიას", – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]