weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო ცვლილებები წარადგინა

12:16 ორშაბათი, 05 აგვისტო 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა. თალაკვაძის თქმით, მმართველ გუნდს სურს „პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის გახსნას, რათა მომავალში საქართველოში პოლიტიკა იყოს უფრო დემოკრატიული, დაბალანსებული და მშვიდი“.

„2024 წელს უნდა გადავსულიყავით არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე, თუმცა ცხოვრებამ ამ ვადებში კორექტივები შეიტანა და საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების გაბედული ინიციატივების კვალდაკვალ, ჩვენ, როგორც დემოკრატიული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდი წავედით შემხვედრ ნაბიჯებზე. ერთი თვის წინ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის არჩევნები ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ამით უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვანიჭებდა.

დღეს ვიწყებთ კონსულტაციების მესამე რაუნდს, რომელშიც ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ. წარმოგიდგენთ შემდეგ ცვლილებებს:

კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის თანახმად, არჩევნები ჩატარდება პროპროციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს;

შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას;

პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30%-იან დანამატს, რაც საერთო დაფინანსებაში ძალიან სოლიდურ ბონუსს წარმოადგენს;

უფასო საეთერო დრო სამართლიანად და თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე. დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი;

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე, ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილები კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას;

წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული;

პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი მარტივდება;

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი არაუგვიანეს არჩევნებამდე 6 დღისა. თითოეული ოლქი ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ ორი ადაპტირებული უბანი ჰქონდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის;

დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი. ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არცერთი ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ამ ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც დღეს გაიმართება, ოპოზიციური პარტიებიც იქნებიან წარმოდგენილი, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ პარტიებს გულისხმობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]