weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ჯანდაცვის სამინისტრომ ამბროლაურში რეანომობილი განათავსა

14:00 ორშაბათი, 05 აგვისტო 2019
გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურში, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი დღეს დილიდან განთავსდა.

სამინისტროს ცნობით, მომავალში ამბროლაურის კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგის და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება. ასევე, ტრავმებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისა და სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია-შენარჩუნებისთვის, სრული აპარატული უზრუნველყოფა განხორციელდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების პრევენციის მიზნით, რეაგირების გეგმა შემუშავდება.

„სპეციალური სამოქმედო გეგმის დასახვა უკანასკნელი კვირების განმავლობაში, რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების გახშირებას უკავშირდება. ბოლოდროინდელმა სავალალო გამოცდილებამ კერძო მიმწოდებლების მიერ მართული რეანიმობილების მუშაობაში არსებითი ხარვეზები გამოააშკარავა. სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და ტექნიკური გადაცდომების გამოვლენის მიზნით, სამინისტრომ სერვისების მიმწოდებლების რიგგარეშე შემოწმება უკვე დაიწყო.

ნებისმიერი მიმწოდებელი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გამოეთიშება პროცესს. ამის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის შევსებას კი, საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს გადაუდებელი დახმარების სამსახური უზრუნველყოფს.

მინისტრის პირადი ხელმძღვანელობით უწყების შესაბამისი ქვედანაყოფები მუშაობას სასწრაფო დახმარებისთვის ახალ სალიცენზიო მოთხოვნებზე უმოკლეს ვადაში დაასრულებენ, რაც ამ სამსახურის განახლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ აგვისტოს, უკვე ძალაში შევიდა განახლებული სანებართვო პირობები გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის. ახალი პირობები, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აკონკრეტებს მოთხოვნებს ოთხი დონის სამედიცინო დაწესებულებისთვის – ბაზისურიდან ყველაზე კომპლექსური გადაუდებელი დახმარების სერვისების გაწევის შესაძლებლობების განსაზღვრის თვალსაზრისით.

სანებართვო პირობების ამოქმედება მაღალი ხარისხის სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, შეამცირებს კრიტიკული ტრასპორტირების საჭიროებას და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის ოპტიმალურ პირობებს შექმნის.

ღონისძიების ფარგლებში, რთულად მისადგომ რაიონებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობები გაძლიერდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

21 ივლისს ამბროლაურიდან შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“ რეანომობილით 16 წლის მოზარდი ქუთაისში გადაიყვანეს. რეანომობილი ლენტეხიდან გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით, ტრანსპორტირებისას ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, რისი მიზეზიც რეანომობილში არსებული აპარატურის დაზიანება გახდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

29 ივლისს ელექტრონული პეტიცია შეიქმნა, რომლის ხელმომწერები ითხოვდნენ, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებისთვის რეანომობილის გამოყოფას, რომელმაც დროული და ეფექტური მომსახურება უნდა უზრუნველყოს. პეტიციის ავტორის, ეთერ არსენაძის ინფორმაციით, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოებს არ ჰყავთ კატასტროფის ჯგუფი, რის გამოც პრობლემა არაერთხელ შექმნია ადამიანის სიცოცხლეს. გარდა ამისა, ეთერ არსენაძე წერს, საავადმყოფოებში არ არიან სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები და შეუძლებელია მრავალფეროვანი კვლევების ჩატარება. დღეისთვის პეტიციას 2300-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]