weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

20 ივნისის აქციაზე დაკავებულმა ნიკოლოზ შარვაშიძემ შს სამინისტროს დავა მოუგო

15:10 სამშაბათი, 06 აგვისტო 2019
ფოტოზე ნიკოლოზ შარვაშიძე ფოტოზე ნიკოლოზ შარვაშიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, „თელავის დემოკრატიის სკოლის“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარვაშიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა. დღეს გამართულ პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რაც შარვაშიძის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას დაადასტურებდა.

ნიკოლოზ შარვაშიძე 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს. შსს მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა.

„დღევანდელ პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ დაკავების ოქმი და პოლიციელის ჩვენება, რომლის თანახმადაც, სამართალდამცველების მისამართით ვიგინებოდი და წინააღმდეგობას ვუწევდი, რაც ჩემი დაკავების საფუძველი გახდა. მე წარვადგინე დაკავების ამსახველი კადრები, რამაც პოლიციელის ჩვენება გააქარწყლა. პოლიციელმა თქვა, რომ შესაძლოა ჩემი გინება მისმა მეწყვილემ გაიგო, რადგან თავად შორს იმყოფებოდა. მოსამართლემ შს სამინისტროს წარმომადგენელს ჰკითხა, სურდათ თუ არა პროცესის გადადება, რაზეც უარი თქვეს“, – უთხრა „რეგინფოს“ ნიკოლოზ შარვაშიძემ.

შარვაშიძის მტკიცებით, დაკავების დროს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც, დაკავების შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა.

„პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. იმის გამო, რომ სტაციონარში უნდა გადავეყვანე, ხელწერილი დამაწერინეს და გამათავისუფლეს“, – ამბობს შარვაშიძე.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ნიკოლოზ შარვაშიძის მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ 20 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და ერთ-ერთი მათგანის - ასამბლეის პრეზიდენტის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, საიდანაც მან რუსულად მიმართა ასამბლეის მონაწილე ქართველ და უცხოელ დეპუტატებს.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები რამდენჯერმე გამოიყენა. აქციის დაშლის ამსახველი კადრებიდან ჩანს, რომ ისინი დემონსტრანტებს დამიზნებით ესროდნენ. საავადმყოფოებში აქციის დაშლისას დაშავებული 240 ადამიანი გადაიყვანეს.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი. მათგან დაკავებულია პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატი ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძების სახით გირაო აქვს შეფარდებული. დაკავებულებიდან ორი სამართალდამცველია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]