პროკურატურის მტკიცებით, 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M“-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით ,,თიბისი ბანკისგან“ სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება გრძელდება და დაგეგმილია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოკითხვა“, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.
საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ის წერს, ნებისმიერ კითხვაზე პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გასცემს,
„წინასწარ გეუბნებით, „ტვ პირველს“ არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ“,
– წერს ფეისბუქში ვატო წერეთელი.
4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრისგან მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძის თქმით, მას ემუქრებოდნენ, რომ კონკრეტული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში „თიბისი ბანკს“, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე, რეპუტაციას დაუნგრევდნენ. წერილის თანახმად, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ის, რომ ტელეკომპანია „პირველი“ ტელეკომპანია „იმედის“ „ტრენდზე უნდა დამჯდარიყო“. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ წერილში დასახელებული მოთხოვნები არ შეუსრულებია.