როგორც გვარამია ამბობს, პროკურატურაში მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სწორედ „რუსთავი 2“-ის დახურვას ისახავს მიზნად.
„საქმე მიზნად ისახავს იმის თქმას, რომ „რუსთავი2“ ვიღაცამ გააკოტრა, იმიტომ რომ „რუსთავი 2“ უნდა დახურონ და ამისთვის სჭირდებათ პრეტექსტი – უნდა თქვან, რომ აი, ამ ადამიანებმა რა მდგომარეობაში ჩააგდეს კომპანია და ამიტომ ეს საცოდაობა იხურება. პაატა სალიას კი გონია, რომ რაღაცას გააკეთებს, მაგრამ, სინამდვილეში, ეს კომპანია დაიხურება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე“, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ეს ტელეკომპანია არაფერში სჭრდება.
„რა თქმა უნდა, ქიბარ ხალვაში არაფერ შუაშია. კომპანია წავა აუქციონზე და იყიდის ის, ვინც იყიდის. ვიცით ყველამ, ვინც იყიდის და რა თქმა უნდა, გამოიყენებს მიწად. ვის რაში ჭირდება „რუსთავი2“, რომელშიც კიდევ უნდა ჩაასხა ფული. ქიბარს სად აქვს ფული. გაკოტრებული ბიზნესმენია. ბიძინა ივანიშვილი აქ ფულს არ ჩაასხამს, სანამ ეს ჟურნალისტები არიან და როდესაც არ იქნებიან, „რუსთავი 2“-ის შენარჩუნებას რა მნიშვნელობა აქვს. მის შენარჩუნებას ახლა აქვს აზრი, იმიტომ, რომ თქვან: ხომ ხედავთ სარედაქციო პოლიტიკა შევინარჩუნეთ და სამი თვეა კიდევ სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გასაჩივრების ვადა“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
არხის ყოფილი გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ „რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მისი მაყურებლის დაახლოებით 80%-ის დაკარგვას გამოიწვევს.
„იმიტომ, რომ მისი მაყურებელი არის მწვავედ ოპოზიციური. ნათია ლაზაშვილს რომ დაინახავს დიანა ჯოჯუას მაგივრად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, „ევროპული საქართველოს“ ან ოპოზიციის რომელი მომხრე დარჩება იქ? დიანა ჯოჯუას და პაატა იაკობაშვილს სხვა არხზე რომ ნახავს, იქით არ გადართავს?“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელიც ახალი ტელევიზიის შექმნას აანონსებს.