ქუჩას რუსეთ-საქართველოს ომის გმირის სახელი თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით მიანიჭა.
უმცროსი სერჟანტი უშანგი (შმაგი) სოფრომაძე 1983 წლის 5 ივნისს სოფელ ძევრში დაიბადა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა. დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას იგი ტყვედ ჩავარდა. უშანგი (შმაგი) სოფრომაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ. სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის თქმის შემდეგ კი, დახვრიტეს. გარდაცვალების შემდეგ შმაგი სოფრომაძეს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.