„ივლისის მონაცემებით, ტურისტული სექტორის ზარალმა 60 მილიონ დოლარამდე შეადგინა, თუმცა ძალიან კარგი ტრენდი დაფიქსირდა ივნისში აჭარაში, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმი 40%-ით გაიზარდა. დღეს აუცილებელია, ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესს გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ.
ჩვენ დავამუშავეთ ორი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, საკმარისი იქნება, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო მეწარმეები გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში შეგვექმნა.
რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორში იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოს 4 961 918 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 697 624 შეადგინა, რაც 8%-ით მეტია 2018 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე. ამასთან, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+22.1%), აზერბაიჯანიდან (+5.6%), სომხეთიდან (+2.9%) და თურქეთიდან (-0.3%) შედგა.