ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 384 632 მგზავრს მოემსახურა, რაც დაახლოებით 10%-ით (44 494 მგზავრით) ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გასულ თვეში მგზავრთნაკადი შემცირდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ამ აეროპორტის მომსახურებით 100 432-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 10 893-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის ივლისში ბათუმის აეროპორტი 111 325 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ივლისში აღნიშნული აეროპორტით 85 738 მგზავრმა ისარგებლა მაშინ, როცა 2018 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 75 372 მგზავრი იყო.
„ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის სტატისტიკაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ, რადგან აღნიშნული აეროპორტიდან რუსეთის მიმართულებით კვირაში მხოლოდ ორი რეისი სრულდებოდა“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
რაც შეეხება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს, ისინი 2019 წლის ივლისში ჯამურად 1 046 მგზავრს მოემსახურნენ. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 984 მგზავრი იყო. მესტიის აეროპორტის მომსახურებით 2019 წლის ივლისში 819 მგზავრმა ისარგებლა, რაც 75 მგზავრით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ამბროლაურის აეროპორტმა საანგარიშო პერიოდში 227 მგზავრი გაატარა, რაც 13 მგზავრით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (240 მგზავრი).