„ხელისუფლებისადმი ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნებოდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებულად ზარალდებიან და უშუალოდ ეხებათ ეს პროცესი, აღმოუჩინონ მაქსიმალური დახმარება. ის ოჯახი, რომელიც თავისი ხელით ახდენს სახლის დემონტაჟს, დღემდე გორში ცხოვრობს და მათ არ აქვთ დაკანანონებული ის შენობა, სადაც ცხოვრობენ. წლებია ითხოვენ საკუთრების დაკანონებას. მინდა მივმართო თვითმმართველობას, ხელისუფლებას, ისედაც ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი ემოციურად, მორალურადაც და მაქსიმალურად, თუნდაც ეკონომიურად ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ, რომელიც გუშინ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა.
საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული ღობეების გამო, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახი სახლსა და მიწის ნაკვეთებს კარგავენ. ოკუპანტების მიერ სამუშაოების განახლების შემდეგ, გივი (გიორგი) რაზმაძემ საკუთარი სახლის დაშლა დაიწყო.
„ვესაუბრე ერთ-ერთი სახლის მესაკუთრეს. ამჟამად ეს ოჯახი აკეთებს საკუთარი სახლის დემონტაჟს, რომ რაც შესაძლებელი იქნება სახლიდან გამოიტანოს. უთხრეს, რომ სამ დღეში უნდა დაცალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესვლა აღარ იქნება შესაძლებელი. ვესაუბრე ოჯახის დიასახლისაც, რომელიც მიუხედავად საფრთხისა, ტერიტორიაზე შემოდიოდა და ხეხილს კრეფდა, თუმცა სავარაუდოდ ამ ოჯახს სამ დღეში იქ შესვლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ“, - ამბობს ნინო ლომჯარია.
ამჟამად რაზმაძეების ოჯახი გორში ცხოვრობს, გუგუტიშვილები კი გუგუტიანთკარში დარჩნენ და საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდნენ. როგორც „რეგინფოს“ მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მერის წარმომადგენელმა, რუსუდან კილაძემ განუცხადა, მართალია რაზმაძეები და გუგუტიშვილები ომის დროს დაზიანებულ სახლებში აღარ ცხოვრობდნენ, მაგრამ სახლებთან ახლოს მდებარე ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალს იღებდნენ.