„გურიის პოლიციის დეპარტამენტში 16 აგვისტოს, გამთენიისას, ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა. ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს“, – განაცხადეს შსს-ში.
მათივე ცნობით, ახალშობილი სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში იყო.
„პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები მივიდოდნენ, სამართალდამცველებმა პატარას თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა არსენ ახალკაცმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს“, – აღნიშნავენ შსს-ში.
ახალშობილი ამ დროისთვის ოზურგეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „მედალფას“ დირექტორმა, დავით მდინარაძემ განაცხადა, რეანომატოლოგები ჩვილის გადარჩენას ოთხი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
დავით მდინარაძის ინფორმაციით, საავადმყოფოში მოხვედრილი მელოგინე ქალი უარყოფდა, რომ ბავშვი გააჩინა და მის ადგილსამყოფელსაც არ ასახელებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 19-112-ე მუხლით იძიებს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.