„ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია „ბორდერიზაციით“. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ რისკს, რომ ადგილობრივი მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების უფლება შეიზღუდება და ამას დიდი ზეგავლენა ექნება მათ საარსებო წყაროებზე. ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით ვმუშაობთ ამ საკითხზე, მათ შორის ჟენევაში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა მტკიცედ რეაგირებს. ჩვენ აქ ვართ, რომ საქართველოს მთავრობისადმი ჩვენი სოლიდარობა ვაჩვენოთ“, – ამბობს ნატალე.
ევროკავშირის წარმომადგენლობის გარდა სოფელ გუგუტიანთკარში სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი საელჩოს წარმომადგენელი იმყოფებოდა ადგილზე, თუმცა მისი თქმით, გუგუტიანთკარში იმყოფება არაერთი საელჩოს პირველი ან მეორე პირი, რომლებიც ამჟამად საქართველოში არიან.
სოფელ გუგუტიანთკარში ორი დღეა საოკუპაციო ძალები ღობეებს ავლებენ, რის გამოც, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახი სახლსა და მიწის ნაკვეთებს კარგავენ. ოკუპანტების მიერ სამუშაოების განახლების შემდეგ, გივი (გიორგი) რაზმაძემ საკუთარი სახლის დაშლა დაიწყო. ამჟამად რაზმაძეების ოჯახი გორში ცხოვრობს, გუგუტიშვილები კი გუგუტიანთკარში დარჩნენ და საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდნენ. როგორც „რეგინფოს“ მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მერის წარმომადგენელმა, რუსუდან კილაძემ განუცხადა, მართალია რაზმაძეები და გუგუტიშვილები ომის დროს დაზიანებულ სახლებში აღარ ცხოვრობდნენ, მაგრამ სახლებთან ახლოს მდებარე ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალს იღებდნენ.