weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მაჩალიკაშვილები საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით რეგიონებში ხელმოწერებს აგროვებენ

15:00 პარასკევი, 16 აგვისტო 2019
ფოტო  © მამები სიმართლისთვის / Facebook ფოტო © მამები სიმართლისთვის / Facebook

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა, მათი შვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, რეგიონებში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი ბათუმში ჩავიდნენ. როგორც ისინი ამბობენ, მთელ საქართველოს შემოივლიან და 100 000 ხელმოწერას შეაგროვებენ.

„პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ჩემი მოთხოვნა ჩააგდო. 150 დეპუტატისთვის ამ მოთხოვნით წერილი პირადად მქონდა გაგზავნილი. გადავწყვიტე, 100 ათასი ხელმოწერა მოვაგროვო და ვაიძულო პარლამენტი, თქვას სიმართლე და თემირლანის საქმე სააშკარაოზე გამოვიდეს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

„ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ ბათუმიდან და შემოვივლით მთელი საქართველოს რეგიონებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას; რომ მთელმა ქვეყანამ გაიგოს, რა მოხდა, რომ არაფრის გამო მომიკლეს შვილი“, – აღნიშნა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა „თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ დადგენილების პროექტი 29 მაისს ჩააგდო. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ინიციატივას მხოლოდ 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის სამმა წევრმა მისცა. დადგენილების მისაღებად 50 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში დადგენილების პროექტი 2018 წლის ბოლოს შეიტანეს. იგივე მოთხოვნით პარლამენტში შევიდა პეტიციაც, რომელსაც 2000 ადამიანი აწერს ხელს. კომისიის შექმნის ინიციატივას უჭერს მხარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. 2018 წლის ანგარიშში ლომჯარია აღნიშნავს, რომ გენერალურმა პროკურორმა საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებაზე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი ჭეშმარიტების დროულად დასადგენად.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლანს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]