ნანუაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ რეალურად გუგუტიანთკარში 2008 წლის აგვისტოა და ომი გრძელდება.
„შეიძლება ითქვას, რომ 2008 წელია დღეს გუგუტიანთკარში. ომი გრძელდება სროლის გარეშე. ადგილობრივები ცდილობენ დაიცვან თავიანთი საკუთრება, თითოეული გოჯი მიწა, საკუთარი სახლი, თუმცა, სახელმწიფოს გარეშე ბევრი არაფერი შეუძლიათ და ვხედავთ ძალიან ტრაგიკულ სურათებს, როგორ შლიან საკუთარ სახლებს, კარ-მიდამოს. წლების განმავლობაში მათ ჰქონდათ იმედები, ცდილობდნენ აქ დამკვიდრებას, მეურნეობის მოყვანას და დღეს, მშვიდობიან დროს ყველაფერი დაკარგულია.
ამას ალბათ სჯობდა, რომ ომი ყოფილიყო. ომის დროს დაკარგვას კიდევ სხვა დატვირთვა აქვს. მშვიდობიან დროს როდესაც გართმევენ საკუთარ სახლს, შლი მას, ამაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს. დღეს აქ უნდა იყოს ყველა, უმაღლესი თანამებობის პირები“, – განაცხადა ნანუაშვილმა.
ყოფილი სახალხო დამცველის შეფასებით, ე.წ. საზღვრისპირა სოფლების პრობლემების მოგვარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
„ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს დევნილის სტატუსი, ესეც ერთ-ერთი ისეთი პრობლემაა, რომელზეც ვსაუბრობდი წლების განმავლობაში და დღესაც ვფიქრობ, რომ ეს პრობლემები კვლავ არ არის ბოლომდე შესწავლილი. კი, გარკვეული პროგრამები ამუშავებულია, მაგრამ არ რეგიონს განსაკუთრებული დახმარება და ყურადღება სჭირდება.
მე, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს რეგიონი პრიორიტეტულია.
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ამ პრობლემების გასაღები პირველ რიგში არის თბილისში, რომ თბილისს მართებს, ადამიანთა უსაფრთხოება იყოს დაცული. აუცილებელია საპოლიციო პოსტების შემოღება, რომ მოსახლეობას ჰქონდეს გარკვეული იმედი და მხარდაჭერა. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. პირიქით, უფრო და უფრო, ყოველდღე მოდის ოკუპაცია. დღეს 2008 წელია, ომი გრძელდება და მოსახლეობა თავს გრძნობს მიტოვებულად“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.
სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში ღობეებს ავლებდნენ. უკანონო ბორდერიზაციის შედეგად რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახებმა აგვისტოს ომის დროს დაზიანებული სახლები და მიწის ნაკვეთები დაკარგეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი შეჩერებულია.