weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე საქართველოს რუკის ფორმის აბრები დაამონტაჟეს

14:22 კვირა, 18 აგვისტო 2019
ფოტო © ბათუმის მერია / Facebook ფოტო © ბათუმის მერია / Facebook

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, მისი სახელობის ქუჩაზე საქართველოს რუკის ფორმის ახალი აბრები დაამონტაჟეს. გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა.

ქუჩას, რომელიც ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე გრძელდება, გიორგი ანწუხელიძის სახელი 2018 წლის 15 თებერვალს მიენიჭა.

გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 1999 წელს ანწუხელიძემ მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა დაამთავრა. 2003-2004 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში გაიარა.

2004 წელს გიორგი ანწუხელიძე ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. 2005 წლის 23 აპრილიდან 2006 წლის 1 აგვისტომდე სამხედრო სამსახური მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონში განაგრძო. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე, ანწუხელიძე სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში იმყოფებოდა. 2008 წლის 17 აპრილიდან IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა.

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, რუსეთ-საქართველოს ომის დროს - 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა.

2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებდნენ, ისინი გიორგის ზურგზე რიგრიგობით ახტებოდნენ და აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა, წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება.

სამი თვის განმავლობაში გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

გიორგი ანწუხელიძეს 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. სიკვდილის შემდეგ იგი ასევე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.  მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება. 2013 წელს,  „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა.  სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.

2018 წლის ნოემბერში კი ახმეტაში ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა. მწვერვალი ზღვის დონიდან 3276 მეტრზეა. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს სამხრეთით 3 კილომეტრში, მდინარე ფშავის არაგვის სათავეებსა და მდინარე ალაზნის ზემო წელში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]