„ჯერჯერობით, არ მიგვიღია არანაირი ინფორმაცია, მათ შორის არც „ცხელი ხაზის“ საშუალებით, როდის შეიძლება ველოდოთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას. მათ გატაცებას შაბათ-კვირა დაემთხვა და შესაძლოა, დღეს გადაწყვიტონ, რა ზომებს მიმართავენ“, - განაცხადა ტარიელ ვათიაშვილმა.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის 7 მცხოვრები 17 აგვისტოს, სოფელ დიდი მეჯვრისხევის ერთი მკვიდრი კი 18 აგვისტოს გაიტაცეს. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მათი დაკავება დაადასტურა და განაცხადა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. გატაცებულების კუთვნილი სამი მსუბუქი ავტომობილი ქართულ მხარეს უკვე გადმოეცა.