როგორც „რეგინფოს“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ უთხრა, აღარ არის საფრთხე, რომ ხანძარი ტყეზე ან დასახლებულ პუნქტებზე გავრცელდება.
„გზის ორივე მხარეს საკმაოდ დიდი ტერიტორიაა დამწვარი. ამ დროისთვის ფართობი უცნობია. ცეცხლი გავრცელდა დაუმუშავებელ მიწებზე, ხეებსა და ბუჩქნარზე. ქარის გამო იყო საშიშროება, რომ ცეცხლი ტყის მიმართულებით წავიდოდა, თუმცა მეხანძრეებმა შეძლეს მისი ლოკალიზება“, – ამბობს გიორგი ღამბაშიძე.
რაც შეეხება ხანძრის გაჩენის მიზეზს, გიორგი ღამბაშიძის აზრით, ეს შესაძლოა ყოფილიყო ავტომობილიდან გადმოგდებული სიგარეტის ნამწვიც, რომელიც ხმელ ბალახზე აალდა.
ხანძრისა და ძლიერი დაკვამლიანების გამო ავტომობილების მოძრაობა აკრძალული იყო. ცეცხლის ლოკალიზების შემდეგ გზა გაიხსნა.