weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გუგუტიანთკარში დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება - ციხელაშვილი

16:48 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019
ფოტო: სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფოტო: სახელმწიფო მინისტრის აპარატი

სახელმწიფო დაეხმარება ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახებს, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვარზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ღობის გავლების შედეგად დაზარალდნენ. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დაზარალებულ ოჯახებში სტუმრობისას განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახები სახელმწიფოსგან სამეურნეო მიწის ნაკვეთებს მიიღებენ, ასევე, გადაეცემათ ფულადი თანხა ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით, დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და სახლები გორში, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხოვრობენ. ხოლო ოჯახების ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წევრებს სახელმწიფო მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მხარდაჭერას გამოხატავს ამირან გუგუტიშვილის ოჯახის მიმართაც, რომლის სახლიც მავთულხლართების გავლების შემდეგ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, თუმცა, მასზე წვდომა მაინც შეზღუდული აქვს. ამირან გუგუტიშვილის ოჯახი ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებს.

„აქ იმისათვის ვარ, რომ მთავრობის სახელით მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო და დახმარება კონკრეტული ფორმებით ვცადოთ. აქ საუბარია სოციალურ დახმარებასა და იმ სახლების დაკანონებაზე, რომლებშიც დღეს ცხოვრობენ. ასევე იმ შესაძლებლობაზე, რომ საკუთარ სოფელში სამეურნეო მიწის ნაკვეთი ჰქონდეთ, რათა ბმა არ დაკარგონ. ეს მათი სურვილია და რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს“, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

მისივე თქმით, სახელმწიფო გააგრძელებს ხუთწლიან პროგრამას, რომელიც მავთულხლართებით დაზარალებული სოფლების საბაზისო საჭიროებების მოგვარებისკენაა მიმართული.  

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე უკანონო ღობის სამონტაჟო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დაიწყო, გასულ კვირაში ინტენსიურად აწარმოებდა და დღეს დილიდან განაახლა. შედეგად ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ღობის მიღმა დარჩა. ასევე, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარე აღმოჩნდა ამ ოჯახების კუთვნილი მიწის ნაკვეთები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შიშობენ, რომ შესაძლოა, სარწყავი წყლის გამანაწილებელი ჭაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩეს და გუგუტიანთკარსა და სოფელ კოშკას ნაწილს სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]