შსს-ს ცნობით, 34 მძღოლი ავტომობილს მართავდა ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, როგორებიცაა: ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოდეინი, მორფინი, ჰეროინი და სხვ.
სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად,
2019 წლის პირველი აპრილიდან, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა, რომელიც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ნარკოთრობისთვის დამახასიათებელი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორის მიერ, სპეციალური ნარკოტესტის საშუალებით ადგილზე ხდება მძღოლის გადამოწმება. ეს პროცედურა, ნარკოტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, ასევე განსაზღვრავს ნარკოტიკული ნივთიერების ტიპსაც და ადასტურებს, რომ მძღოლი ნამდვილად იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ამასთან, აღნიშნული მექანიზმი, ნარკოტესტით გადამოწმების პროცედურის სანდოობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ითვალისწინებს მძღოლის განმეორებით, კლინიკურად შემოწმებას კვალიფიციური ექსპერტის მიერ, მათ შორის ლაბორატორიული კვლევის საშუალებით“, – განამარტავენ შსს-ში.
ახალი მექანიზმის დანერგვის მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გაადაამზადეს ის თანამშრომელები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ნარკოტესტის გამოყენება, შედეგების დაფიქსირება და სამართლებრივი შეფასება, ასევე, შესაბამისი ნორმატიული ბაზის შემუშავება/დამტკიცება.