„ვიმყოფები ბობნევში. წამლები მოვუტანე დათა პაპას. ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა, ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, რომელსაც შევატყობინე წინასწარ. დათა პაპას სახლთან დამხვდა 4- 5 კაციანი „ტიტუშკების“ ჯგუფი. მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ. პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა“, – დაწერა ქაცარავამ ფეისბუქზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ში განმარტეს, რომ ქაცარავა საავადმყოფოში იმყოფებოდა, რის გამოც ამ დრომდე არ გამოუკითხავთ.
დავით ვანიშვილი, რომელზეც დავით ქაცარავა საუბრობს, სოფელ ხურვალეთში მავთულხლართს მიღმა ცხოვრობს. 2012 წელს, როდესაც რუსმა მესაზღვრეებმა სახლის წინ მავთულხლართები გაუბეს, მან საკუთარი სახლის დატოვებაზე უარი თქვა.