როგორც საქართველოს პროკურატურა აღნიშნავს, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში, არაფხიზელ მდგომარობაში მყოფმა რ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკებისას შვილს მ.ს.-ს, დანით გულმკერდის არეში ორი ჭრილობა მიაყენა. სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მ.ს.-ს გადარჩენა მოხერხდა.
„სამართალდამცველებმა რ.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19, 108-ე მუხლით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ რ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.