„მე წავედი. ხვალ მოვა ის ვინც საბოლოოდ გამორთავს „რუსთავი 2“-ის ღილაკს, მივა და იტყვის ბედნიერი სახით რომ მაგარ საქმეებს გააკეთებს, არადა ერთხელ ვიხილეთ მისი მაგარი საქმეები. მისგან განსხვავებით არც ერთი ჩემი სიუჟეტის არ მრცხვენია, არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვის არ მერიდება და კიდევ ვიტყვი რომ რუსეთი ოკუპანტია, დავით გარეჯი საქართველოა, გუგუტიანთკარი ჩვენი ქვეყანაა, საპატრიარქოში პრობლემებია და მთავრობა დაჩმორებულია რუსული გავლენით!“ - წერს თუმანიშვილი.
დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით არ გასულა საინფორმაციო გამოშვება.
გუშინ, 20 აგვისტოს, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის წამყვანი სახეები გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ასევე გიორგი ლაფერაშვილი გაათავისუფლა. გუშინვე, პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია დატოვეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა მიშა ფეიქრიშვილმა და დიანა ჯოჯუამ. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო და არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.