საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის სოფელ გუგუტიანთკარში განახლებულ „ბორდერიზაციაზე“ ტელეფონით ესაუბრა.
„საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებების შესახებ, მათ შორის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე“, - აცხადებს უწყება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზალკალიანმა და მოგერინიმ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე და ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში საკითხის განხილვის შესახებაც ისაუბრეს.
„ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა“,- ნათქვამია განცხადებაში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე უკანონო ღობის სამონტაჟო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დაიწყო და 14 აგვისტოდან განაახლა. შედეგად ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ღობის მიღმა დარჩა. ასევე, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს აღმოჩნდა ამ ოჯახების კუთვნილი მიწის ნაკვეთები.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 8 ადამიანი, რომლებიც 20 აგვიტოს გათავისუფლდნენ.