„ჩვენი ტაქტიკა იყო აგვერჩია ახალი მიმართულებები, რომელსაც არ ფარავს დღეს სხვა კომპანია. აქედან გამომდინარე ჩვენ უფრო მეტად ვეძებთ სინერგიას ვიდრე მათ შორის კონკურენციას. ეს ორი კომპანია ბუნებრივია, მსოფლიოს გარკვეულ ნაწილებში კონკურირებენ, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ბაზარი არის საკმაოდ მზარდი და აქ ადგილი ჰყოფნის ბევრ ახალ კომპანიას. უფრო მეტად იქნება სინერგია, ვიდრე კონკურენცია“,- განაცხადა თურნავამ ტელეკომპანია „იმედთთან“ საუბრისას.
მინისტრის თქმითვე, „რაინეარის“ მთავარი სავიზიტო ბარათი, ბილეთის დაბალი ღირებულება, საქართველოშიც შენარჩუნებული იქნება.
დღეს, 21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „რაინეარი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან შეასრულებს. „ვიზეარი“ კი მხოლოდ ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს.
პირველ ეტაპზე ,,რაინეარი“ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4-ჯერ მილანის მიმართულებით იფრენს, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს.