weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აკაკი ხოშტარიას სახლი 10 წელია საპატრიარქოს საკუთრებაა - სააგენტო

10:12 პარასკევი, 23 აგვისტო 2019

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ქართველი მეცენატის აკაკი ხოშტარიას მიერ სუჯუნაში აგებული სასახლე უკვე 10 წელია მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა.

სააგენტოში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. მათივე ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიამ შენობა აუქციონის წესით შეისყიდა.

„10 წლის წინ შენობა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ამორტიზებული იყო სახურავი, წყალი ინტენსიურად ჩაედინებოდა, რამაც შენობის ინტერიერი მკვეთრად დააზიანა. დღემდე მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა წყალი აღარ ჩაედიანება. როგორც მითხრეს სახურავი ზუსტად ანალოგიური ფორმით აღადგინეს, თუმცა ამას ვერ დავადასტურებ, რადგან ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა“,- აცხადებს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე.

სახურავის გარდა შეიცვალა შესასვლელი კარი და მოიშალა საბჭოთა კავშირის დროს აგებული დერეფანი, რომელიც შენობას სკოლასთან აკავშირებდა. 2015 წელს კი შენობის ფასადზე არსებული დევის ფორმის ბარელიეფი მოხსნეს. ამჯამად მის ნაცვლად წმინდა გიორგის სახეა გამოსახული. ფაქტის გამო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სამართალდამცავ ორგანოს იმავე წლის დეკემბერში მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების მუხლით დაიწყო, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შენობა ამჟამად უფუნქციოა, ეპარქიას კი სამუზეუმო სივრცის მოწყობა აქვს განზრახული. სააგენტო ამბობს, რომ აკაკი ხოშტარიას მიერ აგებულ სახლში ეპისკოპოსის რეზიდენცია არ განთავსდება.

„ყველა მათი იდეა კონცეფციის დონეზე სააგენტოსთან შეთანხმდება, მათ შორის საპროექტო დოკუმენტაცია. სააგენტო ყველა ეტაპზე იქნება ჩართული“.

ორი დღეა „ფეისბუქით“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუჯუნაში, აბაშის რაიონში მდებარე სასახლის საპატრიარქოსთვის გადაცემა იგეგმება და მას ჭყონდიდის ეპარქიის მეუფის რეზიდენციისთვის ამზადებენ. გავრცელებული ცნობების თანახმად, მიმდინარეობს შენობის უხეში გადაკეთება.

„რადიო თავისუფლების“ სტატიის თანახმად, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა, აკაკი ხოშტარიას სახლში,რომელსაც ჭყონდიდის ეპარქია განკარგავს იმ დროისთვის მონაზვნები ცხოვრობდნენ. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ შენობა სათანადოდ მოვლილი არ არის, დაზიანებულია როგორც შენობის ფასადი, ისე ინტერიერი - „სახურავიდან ჩასულმა წვიმამ გააფუჭა სხვადასხვა ორნამენტებით შემკული სახლის ჭერი და კედლები. ნაწილობრივ მორღვეულია შენობის შესასვლელთან განთავსებული ლომის ქანდაკებები“.

ქართველმა ფინანსისტმა, საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ სახლი 1915 წელს აბაშის სოფელ სუჯუნაში დედის სახელზე, ევროპელი არქიტექტორების დახმარებით ააშენა. მოგვიანებით მან შენობა სოფელს საგანმანათლებლო დანიშნულებისთვის საჩუქრად გადასცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]