weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილმა „იმედის“ და „პრაიმტაიმის“ წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

13:25 პარასკევი, 23 აგვისტო 2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის, ნატა მახვილაძის და „პრაიმტაიმის“ რედაქტორის, მირიან ბოქოლიშვილის წინააღმდეგ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი „იმედის“ და „პრაიმტაიმის“ მიერ მომზადებულ იმ მასალებს ხდის სადავოდ, რომლებიც სპეცრაზმის მიერ მოკლული მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყაროს გახსნას ეხება ბანგლადეშში. მასალების მიხედვით, იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელმაც წყარო გახსნა, ინტერპოლითაა ძებნილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტებმა მცდარი და დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელეს, რითიც დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), ამასთან, ფაქტები განზრახ დაამახინჯეს, რასაც ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევს. მისივე თქმით, დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპიც, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს.

„მიუვალ ადგილებში ღარიბი ადამიანებისთვის წყლის მიწოდება ჩვენმა ოჯახმა ყველაზე ღირსეულ საქმედ ჩათვალა და თემირლანის ხსოვნისთვის ამ კეთილი საქმის გაკეთება გადავწყვიტეთ. ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, რომელიც მსგავს საქმიანობას ეწევა ინტერნეტით გავიგეთ და შესაწირის გადარიცხვაც ოფიციალურად მოვახდინეთ. ამ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ადვილად იძებნება ინტერნეტში და ყველასთვის ხელმისაწვდომია მათი საბანკო ანგარიშიც, რომელიც გავლენიან ბრიტანულ ბანკშია გახსნილი. მაგრამ უპასუხისმგებლო მედიამ და ექსპერტებმა, რომლებიც ღიად ატარებენ ხელისუფლების ინტერესებს, ამ საქმეს რაღაც სარჩელი მოუძებნეს და ისეთი შეფასებები გააკეთეს, რომელსაც ვერც კი ვიჯერებდით.

წარმოუდგენელია, კეთილი საქმეც კი, ამ სისტემამ ჩვენს ოჯახს ამგვარად როგორ შეიძლება შემოუბრუნოს?! ჩვენი იურისტების და სხვა ექსპერტების დახმარებით დავიწყეთ ამ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ის რაც „პრაიმტაიმმა“ და „იმედმა“ გააჟღერეს, აშკარად გამოგონილი და დაუსაბუთებელი აღმოჩნდა. მათ აშკარად მცდარი ინფორმაციაა გაავრცელეს ისრაელ ახმედნაბიევის, იგივე აბულ უმარ სასითლინსკის საქმიანობასთან და ადგილსამყოფელთან დაკავშირებით და ამ ორგანიზაციასთან დაკავშირების და თანხების გადარიცხვის შესაძლებლობებიც როგორც დახურული და კონსპირაციული პროცესი წარმოაჩინეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ეს მასალები განგრძობადი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია ჩვენი შვილის და ჩვენი ოჯახის ღირსების დაკნინება, თემირლანის ტერორიზმთან თვითნებური დაკავშირება და ამდენად, მისი სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების და სოლიდარობის შესუსტება“, - აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ქარტიის საბჭო მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას სავარაუდოდ სექტემბერში განიხილავს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში მაჩალიკაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. სპეცოპერაციიდან 20 თვე გავიდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურად დღემდე იძიებს საქმეს თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით. თემირლანის მშობლებისა და ადვოკატების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს, რის გამოც საქმის მასალებს ვერ ეცნობიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]