შვედეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. საუბარია იმაზეც, რომ ფილმი შვედეთს უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ოსკარზე წარადგენს. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ორი ახალგაზრდა კაცის სიყვარულის ისტორიას ასახავს. ფილმის ტრეილერის თანახმად, ისინი ერთმანეთს ცეკვის ეროვნულ ანსამბლში შეხვდებიან.
სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს სულ 3 ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი. ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა ლევან აკინის “და ჩვენ ვიცეკვეთ”, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში აჩვენეს ირინე ჟორდანიას “მარქსის ქუჩა 12”, ხოლო სტუდენტური ფილმების კონკურსში – პეტრე თომაძის “ღამის სეანსი”.
ფესტივალის პრიზებისთვის სულ 53 ფილმი იბრძოდა.
საკონკურსო სექციების გარდა, კინოფესტივალის საპატიო ჯილდო „სარაევოს გული“ გადაეცათ მსოფლიო კინოს ვარსკვლავებს – ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს, პაველ პავლიკოვსკის, იზაბელ იუპერსა და ტიმ როთს.
სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ტარდება და იგი რეგიონის უმნიშვნელოვანს კინოღონისძიებად ითვლება.