weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროკურატურა არც კი ფიქრობდა ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმის გამოძიებას - მიქელაძე

12:03 შაბათი, 24 აგვისტო 2019

„ჩეჩნეთის ომის მონაწილეებს არამხოლოდ ომის დროს უსწორდებოდნენ სასტიკად, არამედ ეს დევნა და განადგურება დაგეგმილი სქემით შემდეგ წლებშიც გრძელდება. გერმანიის მიერ გამოძიების დროს არსებითია გათვალისწინებული იყოს თბილისში განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდი“, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ბერლინში, საქართველოს მოქალაქის, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტს.

ეს არასამთავრობო ორგანიზაცია იცავდა ზელიმხან ხანგოშვილის ინტერესებს, თბილისში მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმის გამოძიებაში.

ზელიმხან ხანგოშვილს თბილისის ცენტრში, თავს 2015 წლის 28 მაისს, დღისით დაესხნენ. „მისი მიმართულებით 8 ტყვია ისროლეს. დაიჭრა, თუმცა წარმოუდგენელი მოქნილობით და გამძლეობით მაშინ მან გადარჩენა მოახერხა. ზელიმხან ხანგოშვილმა და მისმა ოჯახმა პროკურატურას დაცვის სპეციალური ღონისძიებების მიღება მოსთხოვეს, თუმცა, აშკარა და ძალიან მაღალი რისკების მიუხედავად, პროკურატურამ დაზარალებულის ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. სიცოცხლისთვის მაღალი რისკების გამო, ხანგოშვილების ოჯახი იძულებული გახდა თავი სხვა ქვეყნისთვის შეეფარებინა“, - აღნიშნავს თამთა მიქელაძე.

მისივე თქმით, თავდასხმიდან 4 წელზე მეტი გავიდა და საქართველოს პროკურატურამ არაფერი გააკეთა საქმის ეფექტიანი გამოძიებისთვის.

„გამოძიების პირველივე ეტაპზე მნიშვნელოვანი შეცდომები იყო დაშვებული:

არ მოხდა იმ ქუჩებში დამონტაჟებული ყველა ვიდეო მასალის ამოღება, სადაც თავდასხმა განხორციელდა. ზოგიერთი ვიდეო მასალის ამოღება კი გამოძიების დაწყებიდან 7 თვის შემდეგ განხორციელდა.

ეს მაშინ, როცა ვიდეო მასალის დროული და სრულყოფილი ამოღება გამოძიებას თავდამსხმელების დროული იდენტიფიცირების და დაკავების შესაძლებლობას მისცემდა;

დროულად არ ჩატარდა ამოცნობის მოქმედება და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ზელიმხანის ძმასთან ჩაატარეს ამოცნობა და არა უშუალოდ ზელიმხანთან, რომელიც თავდასხმის დროს მარტო იმყოფებოდა და ცხადია, მხოლოდ მას შეეძლო თავდამსხმელების ამოცნობა;

მნიშნელოვანი ექსპერტიზები საქმეზე მხოლოდ მომხდარიდან 3 წლის შემდეგ ჩატარდა;

გამოძიების კვალიფიკაცია ასევე პრობლემა იყო და

ნაცვლად განზრახ მკვლელობის მცდელობისა, პროკურატურამ საქმეს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების კვალიფიკაცია მისცა.

გამოძიების დინამიკა უთითებს, რომ პროკურატურა არც კი ფიქრობდა საქმის რეალურ გამოძიებას და წარმოუდგენელი გულგრილობა გამოავლინა“, - ამბობს თამთა მიქელაძე.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა. ის ჯერ უკრაინაში გადავიდა, შემდეგ კი გერმანიაში. გუშინ, 23 აგვისტოს, ბერლინში, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. ახლობლები ფიქრობენ, რომ მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირდება.

ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომში იბრძოდა. ის ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური და ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, ასლან მასხადოვთან დაახლოებული პირი იყო.

ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა თორნიკე ქავთარაშვილის სახელითა და გვარით. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა. მისი მეტსახელი იყო „ზელო დიშნი“.

ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც. მისი განცხადებით, ის და ახმედ ჩატაევი უკანონო შეიარაღებულ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა გააგზავნეს. ის ამბობდა, რომ ახმედ ჩატაევი ლოპოტის ხეობაში მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, უშუალოდ მისი თხოვნით ჩავიდა.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ზელიმხან ხანგოშვილის სახლში დღეს, დილიდან იღებენ სამძიმარს. ახლობლები ცდილობენ, ხანგოშვილის ცხედარი ბერლინიდან პანკისში გადმოასვენონ.

„რეგინფოს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ბერლინში, საქართველოს საკონსულოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულომ საკითხის გარკვევა დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]