შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 აგვისტოს, 23:00 საათიდან თავისუფლების მოედნიდან ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე მოძრაობა აიკრძალება. ავლაბრიდან მომავალი ავტოტრანსპორტი ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებს თავისუფლების მოედნისკენ და ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.
რუსთაველის მეტროდან წამოსულ ავტოტრანსპორტს მოძრაობა ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე შეეძლება და გადაადგილებას რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გააგრძელებს. მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე.
ზემო ვერაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი გრიბოედოვისა და ბარნოვის ქუჩებით მოხვდება რუსთაველის გამზირზე.
შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს ადგილზე დაარეგულირებენ.
„ფორსაჟის“ გადაღებები საქართველოში სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს. გადაღებები 19 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. გადაღებები თბილისსა და რუსთავში რამდენიმე ლოკაციაზე დაიგეგმა, მათ შორის რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში, ბაზრობის ტერიტორიაზე.
„ფორსაჟი 9“ პოპულარული ბლოგბასტერის მეცხრე ფილმი იქნება. ფილმებში მთავარ როლებს ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, იორდანა ბრიუსტერი, ტაირი გიბსონი, კრის ბრიჯისი, ნატალი რამსი, შარლიზ ტერონი, ჰელენ მირენი და ჯონ სენა ასრულებენ.