მან აღნიშნა, რომ ირაკლი იმნაიშვილი არის ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც საზოგადოებას თავი შეუპოვრობითა და კრიტიკულობით დაამახსოვრა და წინა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო იძულებული იყო, ქვეყანა დაეტოვებინა.
სალიას განცხადებით, იმნაიშვილთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
„ჩვენ გვქონდა საუბრები, რომ ის ჩასდგომოდა სათავეში როგორც საინფორმაციო, ისე პროდაქშენის ნაწილს და მისი, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა. მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და იმედი გვაქვს, ირაკლი მალე გახდება ჩვენი გუნდის წევრი. მასთან ერთად მზად ვართ, ხელახლა შევქმნათ, ავაღორძინოთ და გავაძლიეროთ ეს ტელეკომპანია, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო“, - განაცხადა პაატა სალიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების უმეტესობამ არხი გასულ კვირას დატოვა. მანამდე კი გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე ტელეწამყვანები ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი.