„ხანგოშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების ნებართვა უკვე არსებობს, თუმცა, ამ ეტაპზე ოჯახმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ოჯახი მიმართავს საქართველოს საკონსულოს, რა თქმა უნდა, დავეხმარებით“, - აღნიშნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში მოკლეს. გერმანული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მამაკაცს ცეცხლი ველოსიპედით გამვლელმა გაუხსნა და რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. მკვლელობა მოაბიტის რაიონში, ერთ-ერთ სკვერში, შუადღის 12:00 საათზე მოხდა.
ბერლინის პროკურატურამ 25 აგვისტოს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმადაც, მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ედება. ბერლინის პროკურატურა აცხადებს, რომ დაკავებული 49 წლისაა.
ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზელიმხან ხანგოშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სხეულის დაზიანების მუხლით დაიწყო, მაგრამ საქმე ამ დრომდე არ არის გამოძიებული.
უსაფრთხოების მიზნით ზელიმხან ხანგოშვილი ჯერ უკრაინაში გაემგზავრა, მოგვიანებით კი გერმანიაში გადავიდა და ბერლინში ცხოვრობდა. ხანგოშვილი გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა.
ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა თორნიკე ქავთარაშვილის სახელითა და გვარით. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა. მისი მეტსახელია „ზელო დიშნი“.
ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც. 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი მოკლა. ხანგოშვილი აცხადებდა, რომ ის და ახმედ ჩატაევი უკანონო შეიარაღებულ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად შსს-ს წარმომადგენლებმა გააგზავნეს.