ხუთდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების და პილოტების დახმარებით ცეცხლის კერების ჩაქრობა შეძლეს. ცეცხლის ქრობაში ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროს სპეციალიზებული მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა.
მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის თბილისიდან მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. საჰაერო ტექნიკამ საერთო ჯამში 191 გაფრენა განახორციელა. ვერტმფრენებიდან ცეცხლის ღია კერებს 382 ტონა წყალი დაასხეს.
ბოლო ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მონიტორინგის მიზნით ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი დარჩება.