weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთის ხელისუფლება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს

16:52 ოთხშაბათი, 28 აგვისტო 2019
დმიტრი პესკოვი, ფოტო: როიტერი დმიტრი პესკოვი, ფოტო: როიტერი

კრემლის განცხადებით. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის სახელმწიფოს ან მის ოფიციალურ უწყებებს კავშირი არ აქვთ. ასე პასუხობს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება გერმანულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომლის თანახმადაც, ხანგოშვილი შესაძლოა შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია. 

„კატეგორიულად უარვყოფ რაიმე კავშირს ამ მკვლელობასა და ოფიციალურ რუსეთს შორის“,- კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებას „როიტერი“ ავრცელებს. 

გერმანიის საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, თუმცა გაზეთი შპიგელი და FAZ საგამოძიებო ორგანოში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ გამომძიებლებს შეკვეთილი მკვლელობის ვერსია ყველაზე სარწმუნოდ ეჩვენებათ.  

შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას აძლიერებს გავრცელებული ცნობები, რომლის თანახმადაც, გერმანიის გენერალური პროკურატურაც აქტიურად ადევნებს თვალყურს გამოძიებას. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ფედერალური ორგანოები მაშინ ერთვებიან გამოძიებაში, როდესაც დანაშაულში სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ ეჭვი არსებობს.

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მალევე დააკავა. იგი რუსეთის მოქალაქეა. 26 აგვისტოს გამოცემა „ბილდმა“ დაწერა, რომ მკვლელი ციმბირშია დაბადებული და ვადიმი ჰქვია, ხოლო გერმანიაში დანაშაულის ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზელიმხან ხანგოშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სხეულის დაზიანების მუხლით დაიწყო, მაგრამ საქმე ამ დრომდე არ არის გამოძიებული.

უსაფრთხოების მიზნით ზელიმხან ხანგოშვილი ჯერ უკრაინაში გაემგზავრა, მოგვიანებით კი გერმანიაში გადავიდა და ბერლინში ცხოვრობდა. ხანგოშვილი გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა თორნიკე ქავთარაშვილის სახელითა და გვარით. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა. მისი მეტსახელია „ზელო დიშნი“.

ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც. 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი მოკლა. ხანგოშვილი აცხადებდა, რომ ის და ახმედ ჩატაევი უკანონო შეიარაღებულ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად შსს-ს წარმომადგენლებმა გააგზავნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]