weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

BBC ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის შესაძლო კვალზე წერს

19:06 ოთხშაბათი, 28 აგვისტო 2019
ასლან მასხადოვი და ზელიმხან ხანგოშვილი, ფოტო: Facebook ასლან მასხადოვი და ზელიმხან ხანგოშვილი, ფოტო: Facebook

ქვეყნიდან გადასახლებული ჩეჩენი, რომელიც ბერლინის პარკში მოკლეს, რუსეთის ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა და შესაძლოა, რუსი აგენტის მიერ იყოს მოკლული - წერს BBC. გთავაზობთ „ბიბისის“ სტატიის ქართულ თარგმანს.

მკვლელობიდან მალევე გერმანიის პოლიციამ 49 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავა, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი და ველოსიპედი იპოვა. მოკლული ზელიმხან ხანგოშვილია და ის უკვე დიდი ხანია სამიზნეა.

რა მოხდა

გერმანულ მედიასთან საუბრისას მკვლელობის თვითმხილველი იხსენებს, რომ მკვლელი 40 წლის ხანგოშვილს უკნიდან ველოსიპედით მიუახლოვდა და თავში ორჯერ ესროლა, შემდეგ კი გაიქცა. თავდასხმა 23 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში მოაბიტის რაიონში მდებარე პარკში მოხდა. პოლიცია დანაშაულის ადგილზე მალევე მივიდა და ეჭვმიტანილი დააკავა. მყვინთავებმა კი მდინარიდან გლოკის ტიპის მაყუჩიანი იარაღი და ველოსიპედი ამოიღეს.

ეჭვმიტანილის სახელია ვადიმ ს. ვრცელდება ცნობები, რომ გამომძიებლებმა მის ბინაში დიდი ოდენობით ფული იპოვეს. ვადიმ ს. ბერლინში მოსკოვიდან, პარიზის გავლით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაფრინდა. გერმანული მედიის ცნობით, მას მოსკოვში უკანდასაბრუნებელი ბილეთი ჰქონდა.

ეჭვები რუსეთთან დაკავშირებით ნაწილობრივ წინა გახმაურებული საქმეების გამო გაჩნდა, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ დისიდენტებს უკავშირდებათ. ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული დიდი ბრიტანეთია, სადაც ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წელს, ხოლო სერგეი სკრიპალი 2018 წელს მოწამლეს.

ვინ არის მსხვერპლი

ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსული ძალების წინააღმდეგ, 2001-2005 წლებში ჩრდილო კავკასიაში იბრძოდა.

ხანგოშვილი ეთნიკური ჩეჩენია, რომელიც ქისტ თემში, საქართველოს მთიან მხარეში, პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. იგი გერმანიაში მას შემდეგ გაფრინდა, რაც 2015 წელს თბილისში მკვლელობის მცდელობას გადაურჩა. ხანგოშვილს მაშინ 8 ტყვია ესროლეს. დაიჭრა, თუმცა საავადმყოფომდე მისვლა შეძლო.

ქართველი იურისტი თამთა მიქელაძე, რომელსაც „ბიბისი“ დაუკავშირდა, ქართველ გამომძიებლებს საქმესთან დაკავშირებით სერიოზულ ხარვეზებში ადანაშაულებს.

თამთა მიქელაძემ, რომელიც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს წარმოადგენს, ეს საქმე აიღო და მასზე სამართლის აღსრულებას ცდილობდა.

„ზელიმხანმა აგვიხსნა, რომ მასზე თავდასხმა ჩეჩნეთის ომში მის მონაწილეობას უკავშირდებოდა. ის საველე მეთაური და ჩეჩნეთის [ყოფილი] პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ახლო მოკავშირე იყო. ომში მისი გამოცდილების გამო, რუსეთის სპეცსამსახურების მისდამი ინტერესი მაღალი იყო. მისი რამდენიმე თანამებრძოლი ასევე მოკლეს ომის შემდეგ“,- ამბობს მიქელაძე „ბიბისისთან“ საუბრისას.

მასხადოვი რამდენიმე ჩეჩენ მეამბოხე თანამებრძოლთან ერთად რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა ოპერაციის დროს 2005 წელს მოკლა.

ვინ მართავს ჩეჩნეთს

ჩეჩნეთს ამჟამად რამზან კადიროვი, ყოფილი მეამბოხე მართავს, რომელმაც მხარი იცვალა და ახლა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთგულია.

კადიროვს ულმობელი ადამიანის რეპუტაცია აქვს და ის დასავლეთის მიერ შავ სიაშია შეყვანილი. რამდენიმე ჩეჩენი ოპოზიციონერი აქტივისტი ბოლო წლებში საზღვარგარეთ მოკლეს.

რადიო „თავისუფლების“ ქართულენოვანი ბიურო ამბობს, რომ 2012 წელს ლოპოტის ხეობაში მომხდარი კონფლიქტის დროს ხანგოშვილს შუამავლის როლი ჰქონდა. საქართველოს უსაფრთხოების ძალები ლოპოტის ხეობაში შეიარაღებული პირებისგან მძევლების გასათავისუფლებლად მივიდნენ.

2005 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში კადიროვის წინააღმდეგ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ჩეჩნეთის და დაღესტნის სოფლებიდან ისლამისტი მებრძოლების დაბალი ინტენსივობის დაუმორჩილებლობა გაგრძელდა.

რამდენიმე ჩეჩენი პანკისის ხეობიდან სიარიასა და ერაყში „ისლამურ სახელმწიფოს“ და ჯიჰადს შეუერთდა.

ხანგოშვილს ეშინოდა, რომ საქართველოში მოკლავდნენ და სხვადასხვა სახელს იყენებდა. ის სხვადასხვა სახელს იყენებდა გერმანიაშიც, სადაც თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა ვერ მიიღო.

გერმანული მედიის ცნობით, გარკვეული დროის მანძილზე ის პოლიციას სათვალთვალო სიაში ჰყავდა როგორც რადიკალურ ისლამში ეჭვმიტანილი, მაგრამ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო სიიდან ამოიღეს.

ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ მის მკვლელობას უფრო კრიმინალური მიზეზები აქვს, ვიდრე პოლიტიკური, რადგან არსებობს ეჭვები მის კავშირებზე კრიმინალურ სამყაროსთან.

თუ საქართველოში მყოფ ქისტ თემს დავუბრუნდებით, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის გამო პანკისში დიდი მწუხარებაა, რადგან იგი თემში „გავლენიანი ლიდერი“ იყო.

ზელიმხან ხანგოშვილის ცოლი და ოთხი შვილი ბერლინში რჩებიან.

ბევრი ჩეჩენი გადავიდა გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად ჩეჩნეთში არასებული მრავალწლიანი კონფლიქტის გამო, თუმცა ძალიან ბევრს თავშესაფრის მიღება გაუჭირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]