საკოლექციო მონეტები 2019 წლის შემოდგომაზე იაპონიაში რაგბის მე-9 მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მონაწილეობას მიეძღვნა. პრეზენტაციას ეროვნული ნაკრები, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ფინანსური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა ნაკრების წევრებს და წარმატება უსურვა მათ. მან საკოლექციო მონეტით დაასაჩუქრა ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.
„ჩვენმა რაგბისტებმა წარმატებებით გაგვანებივრეს. დღეს რაგბის არაერთი გულანთებული გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ქვეყანაში. ის, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა რაგბის ეროვნული ნაკრების მიმართ და წარმატება ვუსურვო ჩვენს საამაყო ბორჯღალოსნებს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მონეტის დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთვნით. საკოლექციო მონეტები ოვალურია და იმეორებს რაგბის ბურთის ფორმას, დატანილია მორაგბის და ლელოს მოთამაშეთა გამოსახულებები. მონეტები ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა.
მონეტების შეძენა ხვალიდან, 29 აგვისტოდან არის შესაძლებელი ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ასევე ეროვნული ბანკის ონლაინმაღაზიის საშუალებით.