„აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე“, - აცხადებენ სუს-ში.
ინფორმაცია ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ გუშინ, 28 აგვისტოს საღამოს გავრცელდა.
გუშინვე „რეგინფომ“ ცხინვალის მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბიოლოვის დავალებით ზნაურის რაიონის სოფელ წნელისსა და გვირგვინასთან ჯავშანტექნიკით შემოვლა განახორციელეს. სოფელი წნელისი და სოფელი ჩორჩანა ერთმანეთის მიმდებარე სოფლებია.
წნელისში გუშინ იყო ჩასული თავად ბიბილოვიც. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართველი სამართალდამცველები სოფელთან ახლოს ბლოკ-პოსტის მოსაწყობად სამუშაოებს აწარმოებენ და ქართულ მხარეს პროვოკაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარომადგენლებიც აპირებენ, აღნიშნული საკითხი დღეს ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე დააყენონ.